18 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
გასაკვირია, რომ დემოკრატიაში მთავრობა მოსახლეობის მანიპულირებას ეწეოდა - DFRLab-ის დირექტორი ფეისბუქ-ტროლებზე

"გასაკვირი არა დეზინფორმაციაა, არამედ ის, რომ დემოკრატიაში მთავრობა საკუთარი მოსახლეობის მანიპულირებას ეწეოდა" - ამ სათაურით Facebook-ტროლების საქმეზე სტატიას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

მედიასაშუალებასთან კომენტარი გააკეთა DFRLab-ის დირექტორმა გრამ ბრუკიმ.

როგორც ბრუკიმ აღნიშნა, ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უჩვეულოა და შეშფოთებას იწვევს.

მისივე თქმით, ფეისბუქმა და DFRLab-მა საქართველოში ეჭვმიტანილი კოორდინირებული და არაავთენტური ოპერაციების გამოძიება ერთმანეთისიგან დამოუკიდებლად ჩაატარეს.

"ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია. Facebook-ის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ გვაქვს გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ღრმაა მათი წვდომა საკუთარი პლატფორმის დეტალებზე და კოორდინირებული ოპერაციების გამოვლენაზე. რუსეთის მთავრობისთვის ეს მეთოდი ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. რუსულ მოდელში მთავრობა ძალით ცდილობს საკუთარი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას საინფორმაციო სივრცეში თავისი ნარატივების აქტიური გავრცელებით. ეს არ არის ღია და თავისუფალი საზოგადოება. საქართველოში ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება. მაგრამ ეს პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობების და არა თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ ხდება," -აღნიშნა DFRLab-ის დირექტორმა გრამ ბრუკიმ.

"ფეისბუქმა" საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და "ინსტაგრამის" 22 ანგარიში წაშალა.

 

ფოტო: "ამერიკის ხმა"

დღის ამბები