ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავებს. მოსახლეობას ავტობუსები და მეტრო დილის 4 საათამდე უფასოდ მოემსახურება.
დილის 3 საათამდე იმუშავებს ნარიყალა-რიყის საბაგიროც. რაც შეეხება ამინდს, ახალ 2020 წელს, დედაქალაქი თოვლის გარეშე შეხვდება. თოვლი მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებშია მოსალოდნელი.
"ვაგრძელებთ ტრადიციას და დედაქალაქის მთავარ საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებული რეჟიმით - დილის 4 საათამდე სრულიად უფასოდ მოემსახურება.
ნებისმიერი უბნიდან ავტობუსები მოსახლეობას გადაიყვანს, როგორც რესპუბლიკის მოედნამდე ასევე, მეტროსადგურებამდე. მეტროც და ავტობუსებიც საზოგადოებას, დილის 4 საათამდე მოემსახურება. რიყე-ნარიყალას საბაგირო კი დილის 3 საათამდე," - განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა.
რაც შეეხება, ახალი წლის დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს, სინოპტიკოსები დედაქალაქში თოვლს არ ელოდებიან.
"31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან, დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, ამიტომ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, 1-2 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. რაც შეეხება დედაქალაქს, 3 იანვრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მნავარაუდევი, ახალი წლის დღეებში თოვლს არ ველოდებით," - აღნიშნა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.