13 მაისი 2024,   09:37
ვრცლად
საქართველო და მსოფლიო 2020-ში - თბილისში ეკონომიკური კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველო და მსოფლიო 2020-ში - თბილისში ეკონომიკური კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას მთავრობა, ექსპერტები, ბიზნესის წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებიან. სიტყვით გამოვიდა პრემიერი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

"ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ჩვენი ინტერესი უფრო არის ვისაუბროთ - საქართველოს ბიზნესის მიღწევებზე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკის სისტემური გამოწვევა გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

 ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს ეკონომიკურად, როგორც ძლიერ პლატფორმას, რომელიც ემსახურება დიდი ეკონომიკების სერვისებით მომარაგებას, რატომ - ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის პატარა ბაზარი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანა გახდეს პირველ რიგში პლატფორმა, ჰაბი, დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნესაქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ვქმნით ჩვენ ძლიერ პაკეტს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებისა,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას ესწრებოდა მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი. სიტყვით გამოსვლისას ბალცეროვიჩმა ხაზი გაუსვა ბიზნესისთვის კანონის უზენაესობის მნიშვნელობას:

"ეკონომიკა უნდა იყოს კერძო, სახელმწიფო მესაკუთრეობა არის რისკია, რადგან ძალიან ადვილად ხდება პოლიტიზირება, ამ მხრივ საქართველომ ბევრს მიაღწია. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, რაც პროკურატურის და პოლიციის დამოუკიდებლობას ნიშნავს. ასევე მნიშვნელოვანია მესაკუთრეობის საკითხი. მსოფლიო ბანკმა 100-ზე მეტი ქვეყანა შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი იყო  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საბანკო მომსახურება, უფრო მაღალი იყო კრიზისის რისკი," - განაცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.

კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის "მსოფლიო 2020 წელს" ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა. წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო.  ღონისძიების მიზანი, ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში გააზრება-განხილვა იყო.

დღის ამბები