18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ოპოზიციის მისამართით პრინციპულ საკითხებზე სამართლიანი პირობებია შეთავაზებული, შეთანხმება შესაძლებელია - თალაკვაძე

პროპორციის ცვლილების ნაცვლად ალტერნატიული ვარიანტი ე.წ. ჩამკეტით, რომელიც უმრავლესობის შეფასებით, არჩევნებზე იგივე შედეგს დადებს, რასაც პროპორციული სისტემა - ასეთია მმართველი გუნდის ახალი შეთავაზება.

მმართველი გუნდის განცხადებით, ამ შეთავაზებაში გათვალისწინებულია ოპოზიციის ყველა პრინციპული მოთხოვნა, რომელიც ეხება პროპორციებს, ბარიერს და 40 პროცენტიან პრინციპს. 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერით, არც ერთ პარტიას არ ექნება მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა.

უმრავლესობა ამბობს, რომ თუ ეს პრინციპი კანონმდებლობაში აისახება, უკვე მეორეხარისხოვანი ხდება ციფრები და თანაფარდობა, იქნება ეს 110/40-ზე თუ 130/20-ზე.

"ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40 პროცენტიანი ბარიერის პრინციპი, თვითონ საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, ყველა პრინციპულ საკითხზე ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ამ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო.

მესმის, რომ ამ დღეებში ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა, თავისი რაკურსით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ამ მოლაპარაკებების საგანი იყო, თუმცა ხშირად ამ წარმომადგენლების განცხადებები ცდება რაციონალურ არგუმენტებს და რეალობას, რომელიც განიხილებოდა. მინდა, დავამშვიდო ყველა ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს ამ პროცესს, რომ ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან, არის ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს.

დღეის მონაცემებით შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის, დაბლოკავს ამ შეთანხმებას, მოუწევს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო ის რეალური მიზეზები და მოტივაცია, რომელიც შესაძლოა შეთანხმებისთვის ხელის შემშლელი გახდეს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული სხდომის შემდეგ დასახელდა, საბოლოო შეთანხმების ვადებიც. უმრავლესობის განცხადებით, კანონში ცვლილების მოსასწრებად და შეთანხმების მისაღწევად ერთი კვირა რჩება. ანუ პასუხი პარტიებმა მომდევნო ორშაბათამდე უნდა მოიფიქრონ. უმრავლესობა ასევე აღნიშნავს, რომ უნდა დარჩეს მაჟორიტარული ოლქების რაციონალური რაოდენობა, მინიმუმ 40 ოლქი.

დღის ამბები