პარლამენტი პრეზიდენტის მოსმენისთვის ემზადება. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ წარსდგება.
პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ისაუბროს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა, როგორც წესი, პლენარული სხდომების პირველ დღეებში ხდება.
პრეზიდენტის გამოსვლას ბოიკოტის გამო არ დაესწრება ოპოზიცია, არ არის გამორიცხული სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა აქციის ფონზე წარიმართოს.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ სხდომაში მონაწილეობას არ აპირებენ ოპოზიციონერები.
"რაც ზუსტად ვიცით, ეს არის, რომ არ ვაპირებთ სხდომაში მონაწილეობას. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. კომფორტის ზონის შექმნა ეს არ არის. მათ უწევთ სამსახურში 4 საათით ადრე მისვლა და სირცხვილის დერეფნებში გასვლა,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს პრეზიდენტის პოსტს.
"ხვალ არ ვაპირებთ გამოსვლას და იგნორირება არის ყველაზე ზუსტი გამოხმაურება. მან არ დაიმსახურა ეს პოსტი და არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პირი, მისი ერთ წლიანი მუშაობა იყო უკიდურესად დამაზიანებელი ქვეყნისათვის. ერთია შიში, რომ რაიმე ისეთი არ თქვას და მეორეა ის, რომ მისი ნათქვამი კომედის შოუს სკეჩის აქტუალური თემა არ გახდეს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ძირითად გამოწვევებზე უნდა ისაუბროს.
"ველოდები, რომ ძირითად გამოწვევებზე იქნება საუბარი, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა. პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც ზეპარტიულია საინტერესოა რას სთავაზობს მთავრობას, როგორი დამოკიდებულებები აქვს სხვადასხვა საკითხის მიმართ, მათ შორის შიდა პოლიტიკური სიტუაციების მიმართ, დიალოგში როგორ ხედავს თავის როლს და ა.შ"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.