ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა რომ აშშ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია. კელი დეგნანის თქმით, საქართველომ სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების შესრულებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა, არის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნაწილიც სადაც ასევე ძალიან მაღალი სტანდარტები და მოლოდინებია:
"ჩვენი გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე არის უცვლელი. ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს. ეს სტანდარტები არის საკმაოდ მაღალი და ძალიან ზუსტად განსაზღვრული. ვფიქრობ, საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების შესრულებაში, რომლებსაც ნატო მოითხოვს ალიანსის ყველა წევრისგან. თუმცა, არის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნაწილიც და აქაც ძალიან მაღალი სტანდარტები და მოლოდინებია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ სტანდარტების მისაღწევად. აშშ კვლავაც გაუმაგრებს ზურგს საქართველოს და შესაძლებელია, ჩვენ ვართ მისი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები და ასეც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით ავღანეთში, სხვაგანაც და ვიცით, რომ საქართველოს აქვს უნარი და ერთგულება, რაც საჭიროა უსაფრთხოების საერთაშორისო ქმედებებში ჩართვისთვის,"- განაცხადა კელი დეგნანმა.