18 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
ამერიკელი სენატორები ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ და პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას ამერიკელი სენატორები ეხმაურებიან. განცხადებას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და სენატორი, ჯინ შაჰინი ავრცელებენ. სენატორები მიღწეულ შეთანხმებას ქვეყნის დემოკრატიისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ შეერთებული შტატები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ელის. სენატორი ჯიმ რიში იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირები დროულად გათავისუფლდებიან. შაჰინი და რიში იმ ამერიკელ სენატორებს შორის არიან, რომლებმაც გიორგი გახარიას კრიტიკული წერილები მისწერეს.

"მოხარული ვარ იმ შეთანხმებით, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ მიაღწია და ველი მის სრულ აღსრულებას მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში.

მიმდინარე წლის დასაწყისში, მე და ჩემმა კოლეგამ, სენატორმა შაჰინმა, პრემიერ-მინისტრ გახარიას წერილი მივწერეთ, რათა შეშფოთება გამოგვეხატა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რჩევა მიგვეცა საქართველოს მთავრობისთვის შეეჩერებინათ დემოკრატიის უკუსვლა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ეს შეთანხმება საქართველოში დემოკრატიის აღდგენისა და კარგი მმართველობისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, ამიტომ, აუცილებელია შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს და ყველა მხარისგან მიღებული იყოს. 

შეერთებული შტატები საქართველოში ამ შემოდგომაზე სრულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ელის. დადებითად ვაფასებ ყველა მხარის მიერ მიღწეულ რთულ კომპრომისს, რომელიც საჭირო იყო საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის. გარდა ამისა, მივესალმები კვირას საერთო განცხადებაში ჩაწერილ დაპირებას, რომელიც ეხება "ქმედებებს, რომლებიც აღიქმება საქართველოს სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირებად" და ველი, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებულები მალე გათავისუფლდებიან,"- აღნიშნავს რიში.

"მინდა ვნახო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი საარჩევნო სისტემის შესახებ დადებული პირობის აღსრულებისკენ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისთვის. 2012 წლიდან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს დემოკრატიული წინსვლისთვის. მათ ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ მიზნისკენ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ასევე, ვაფასებ საქართველოს მხრიდან ჩემი და სენატორ რიშის შეშფოთების გათვალისწინებას სამოქალაქო ჩართულობისა და ხალხის ხმისადმი პატივისცემის შესახებ, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ძირითად პრინციპს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ საქართველო განაგრძობს ამ გზას და ერთგულებას შეინარჩუნებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით,"- წერს შაჰინი.

დღის ამბები