პარლამენტის წევრის დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
ჭიჭინაძის შეფასებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება ვაჭრობის საგანია და რეალობასთან ახლოს არ დგას.
"ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მე მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ არ მიმაჩნია, ეს ის მონაპოვარია, რომელიც 20 ივნისის შემდეგ იყო.
წარმოიდგინეთ, პარტიაზე მეტი ხმა შეიძლება აიღოს მაჟორიტარმა და პარტიას ექნება უფლება, ერთპროცენტიანს და მაჟორიტარს - არ ექნება. ამიტომ ცოტა გაუგებარია. მე მგონია, რომ ვაჭრობის საგანი და მისგან მიღებული შედეგია, ვიდრე რეალობასთან ახლოს მყოფი," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
განსხვავებით ჭიჭინაძისგან საკონსტიტუციო ცვლილებები მოდელი მისაღებია პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანისთვის.
"ყველაზე უკეთესი საქართველოსთვის არის ე.წ. პროპორციული სისტემა მრავალმანდატიანი ოლქებით, ანუ რეგიონული სიებით. ეგ სისტემა არ ჩამოყალიბდა, ამიტომ ეს მოცემულობა, რაც არის უნდა მივიღოთ და დავიწყოთ საარჩევნო კამპანია," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ოპოზიციის და უმრავლესობის შეთანხმება მალე კანონად უნდა იქცეს - საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი რამდენიმე საათში პარლამენტში დარეგისტრირდება.
დოკუმენტის ინიცირებისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მოგვიანებით კი, საყოველთაო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება. მეათე მოწვევის პარლამენტში 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება. მთავრობას ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელსაც მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა ექნება.