18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
საზოგადოებას ახსოვს ქადაგიძის დამაჯერებელი პასუხები და პოზიციები - დავით მათიკაშვლი

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, ნინო ქადაგიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი მხრიდან არ განხილულა.

"იცით, რომ ნინო ქადაგიძეს, ყველა იმ დანარჩენ მოსამართლეებთან ერთად პარლამენტმა, მათ შორის მეც, მხარი დავუჭირეთ, თუმცა მართალი გითხრათ, მისი, როგორც თავმჯდომარის კანდიდატურა, ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან არ ყოფილა განხილული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება გუნდის შიგნითაც კონსულტაციები, შევჯერდებით საერთო პოზიციაზე და შესაბამისად, კენჭისყრის დროს დავასაბუთებთ, გავაკეთებთ არჩევანს," - აცხადებს ნინო წილოსანი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ნინო ქადაგიძის კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერას ღიად აფიქსირებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კანდიდატურის საპარლამენტო განხილვებს დაელოდება.

"სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ძალიან გამჭვირვალე პროცესი სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. მათ შორის, ჩვენ მოვუსმინეთ ქალბატონ ნინოსაც.

ჩვენ ყველას, საზოგადოებას, ახსოვს მისი დამაჯერებელი პასუხები და მისი პოზიციები მრავალ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით პროცედურის ოფიციალურად დაწყებას, გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ მისი კანდიდატურის მიმართ საკმაოდ ღია მზაობა პირადად ჩემი არსებობს, რომ დავუჭირო მხარი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

არ არის გამორიცხული, რომ  ნინო ქადაგიძის კანდიდატურას შემდეგ კვირაში პლენარულ სხდომაზეც ეყაროს კენჭი, თუმცა მანამდე მას იურიდიულმა კომიტეტმა უნდა მოუსმინოს. როდის ჩაინიშნება კომიტეტის სხდომა ამ საკითხის განსახილველად, ეს შესაძლოა დღეს ბიუროს სხდომის შემდეგაც გახდეს ცნობილი.

დღის ამბები