18 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ქვეყანაში სურსათის საკმარისი მარაგია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს

ბოლო დღეებში სურსათზე გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით დღეს პრემიერი მინისტრებთან ერთად საცალო ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც მინისტრებმა ასევე საცალო ქსელების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში და სავაჭრო ობიექტებში სურსათის საკმარისი მარაგია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს:

"არანაირი მღელვარების საფუძველი არ არსებობს, ბოლო 2 დღის მანძილზე გაზრდილია მომხმარებლების რაოდენობა მაღაზიებში, მაგრამ მარაგები ჩვენს კომპანიებში და მთელ სფეროში არის საკმარისზე მეტი და აჟიოტაჟი არის ზედმეტი," - განაცხადა "ორი ნაბიჯის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიორბელიძემ.

"ნიკორას" გენერალური დირექტორის ირაკლი ბოქოლიშვილის თქმით, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, არ არსებობს:

"ჩვენ მულტიფუნქციური კომპანია ვართ, გვაქვს სადისტრიბუციო ქსელი, ასევე წარმოება, მაღაზიების ქსელი, ამიტომ თავიდან ბოლომდე ვხედავთ, რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში. სინამდვილეში, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, გამორიცხულია. მთავრობა ყოველდღიურ კავშირშია ჩვენთან, ქსელებთან, პულსზე უდევს ხელი, თუ რა პრობლემები გვაქვს. ახალი წლის დღეებშიც შეიძლება დაინახოთ დროებით ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ არის, მარაგები საკმარისია, ვმუშაობთ დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში," - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმაბოქოლიშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუპერმარკეტებში ბოლო დღეების განმავლობაში ფასებმა მოიმატა.

"გუდვილის" გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილის თქმით, ქსელში საკმარისი მარაგებია და ამასთანავე არ განიხილება, ფასების ზრდის მიმართულებაც:

"2 საკითხს მინდა გამოვეხმაურო, ერთი არის მარაგების თემა, რომელიც ნამდვილად საკმარისზე მეტი გვაქვს დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, რაც შეეხება ფასების ზრდას, ეს მიმართულება არ განიხილება, იმიტომ რომ საფუძველი ამ მომენტში არ არსებობს. იმის საფუძველი, რომ გაზრდილი ნაკადი და შესყიდვები იყოს ამის საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა ხაბაშვილმა.

კომპანია "აგროჰაბის" დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილის თქმით, "აგროჰაბში" საკმარისზე მეტი მარაგია და არანაირი სირთულე ამ მხრივ არაა:

"სამ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას ესაა ფასი, მარაგები და სამუშაო რეჟიმი. პირველ რიგში მარაგებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ გვაქვს საკმარისზე მეტი მარაგები და არანაირი სირთულე ამ მხრივ არ არის და არ იქნება. რაც შეეხება ფასებს ფასების ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება სამუშაო რეჟიმს, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ და ცვლილება არ იგეგმება,"- განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.

"სმარტის" სუპერმარკეტების წარმომადგენელი ვასილ ხორავას თქმით, ქსელში შესაბამისი ნაშთებია:

"არანაირი საფუძველი იმისა, რომ რომელიმე პროდუქტის დეფიციტი იყოს არ არსებობს, გვაქვს შესაბამისი ნაშთები და თუ საჭირო იქნება შესაბამის იმპორტს განვახორციელებთ," - განაცხადა ხორავამ.

"სპარის" წარმომადგენელიც აცხადებს, რომ  არანაირი საფრთხე არ არსებობს არც მარაგების და არც ფასების აწევის, მისი თქმით, კურსის აწევის გამოც ფასზე ასახვა შეიძლება ერთი თვის შემდეგ მოუწიოს. მარაგებზე რაიმე პრომლემას გამორიცხავს "ევროპროდუქტის" წარმომადგენელიც.

დღის ამბები