პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი ერთხმად დაუჭირა. სწორედ ამ კენჭისყრისთვის ოპოზიციის დეპუტატები რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ საკანონდებლო ორგანოში გამონაკლისი შემთხვევის სახით მივიდნენ.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მათი ვალდებულება კომისიის შექმნისთვის ხმის მიცემა იყო. გარდა ამისა, ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს შეასრულოს მისი ვალდებულება, რომელშიც ისინი პოლიტ პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია იმ ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს, რომელიც შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
"მხარი დავუჭირეთ ამ კომისიის შექმნას, ვინაიდან ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ნაკისრ ვალდებულებებს ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შესასრულებლად. ვითარების ნორმალიზაციას სჭირდება შეთანხმების სრულად შესრულება, როგორც საარჩევნო პროპორციების ნაწილში, ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ნაწილში. ამიტომ, ვითარება ჩაითვლება ნორმალიზებულად, პოლიტიკური კლიმატი მოწესრიგდება და ჩვენ როგორც ოპოზიცია დავუბრუნდებით სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას მხოლოდ მაშინ, როდესაც დავინახავთ შეუქცევად პროგრესს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების გზაზე," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ იმისათვის რომ არ შეფერხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და რომელიც პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.
"კენჭისყრის სახით კომისიის შექმნისათვის მხარდაჭერა ეს იყო ჩვენი ვალდებულება და შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც უნდა შეესრულებინა ოპოზიციას, რათა არ შეფერხებულიყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. მათ უნდა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებების ორივე მხარე. ერთი სრულდება როგორც ხედავთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ.
"უნდა დავუჭიროთ მხარი დროულად ამ კომისიის შექმნას, რომ ეს პროცედურები დაიწყოს და არ შეჩერდეს. სწრაფად წარიმართოს, გასწორდეს ის ბუნდოვანება, რაც მათ შორის არის 40%-იან ბარიერთან დაკავშირებით ამ პროექტში და მეორე საკითხი, რაც შეეხება პოლიტიკური გარემოს შეცვლა და რეპრესიული გადაწყვეტილებების შეცვლა, მე მგონია, რომ ეს ეტაპობრივად მოხდება," - განაცხადა ეკა ბესელიამ.