ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის გარდა კვლევების ჩატარება სხვაგანაც იგეგმება.
"ლაბორატორიული კვლევების ჩატარება იგეგმება როგორ ქუთაისში, ასევე ბათუმში და ასევე დამატებით თბილისის ერთ-ერთ ლაბორატორიაში. ამ ლაბორატორიის მისამართი სამწუხაროდ მე არ ვიცი, თუ არ ვცდები, ის იმყოფება ბორჯომის ქუჩაზე.
დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, ჩემი პრესსამსახური მოგაწვდით და დაიდება ჩვენს ვებგვერდზე," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა კლასტერების რაოდენობა სრულად გაკონტროლებული, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კლასტერების წარმომავლობა კონტროლდება და ასევე, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯაჭვი სრულად შესწავლილია.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ წინასწარ გადადგმული ყველა პრევენციული ღონისძიება იძლევა იმ ეფექტურ შედეგს, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გვაქვს. აქედან გამომდინარე, რეალურ საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს ის 34 პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავს. და დამატებითი პრევენციული გამკაცრება და ხარისხობრივად უკეთესად შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.
კლასტერების წარმომავლობა ამ ეტაპისთვის არის სრულიად გაკონტროლებული, ის პაციენტები, რომლებიც არიან დადასტურებულები, მათი ჯაჭვი არის სრულიად ამოქმედებული და შესწავლილი ჩვენი თანამშრომლების მიერ," - აღნიშნა ტიკარაძემ.
ამასთან, კითხვაზე, რა მოცემულობა უნდა დადგეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გარკვეულ პროცესებზე დაკვირვების შემდეგ მთავრობის მეთაური გადაწყვეტს, გახდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა.
"ჩვენ ვაკვირდებით გარკვეულ რიცხვებს, მზარდ სტატისტიკას საქართველოში დადასტურებული პაციენტებისას, ასევე ვაკვირდებით რამდენად ხარისხიანად სრულდება ყველა უწყების მიერ გაცემული რეკომენდაციები და ასევე დავალებები. ასევე ჩვენი მოქალაქეების მზაობას და სოციალურ პასუხისმგებლობას, ყოველივე ამის ჯამური შეფასება იმ გადაწყვეტილებების საფუძველს, რომელსაც მთავრობის მეთაური იღებს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.