საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. დავით ზალკალიანის თქმით, ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
"არანაირი სამართლებრივი საერთაშორისო აღიარება ამ არჩევნებს არ ექნება, ისევე, როგორც მანამდე ჩატარებულ არაერთ არალეგიტიმურ არჩევნებს. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ არჩევნებს არ ცნობს, რადგან ეთნიკური წმენდის შედეგად, ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის გამოდევნილი აფხაზეთის ტერიტორიიდან," - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, პროცესები ლეგიტიმური მხოლოდ მაშინ იქნება, თუ დევნილები დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, მოხდება აფხაზეთის დეოკუპაცია და აღიარება, როგორც საქართველოს ერთიანი ნაწილის.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელშიც მონაწილეობას სამი კანდიდატი იღებს - ადგურ არძინბა, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია და ლეონიდ ძაპშპა.