ბიზნესი და სახელმწიფო თანამშრომლობაზე თანხმდება. ორივე მხარე მზად არის კორონავირუსის გამოწვევებს ერთობლივი ძალებით ებრძოლოს.
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, ამ პერიოდში ყველა საბანკო სერვისის მიწოდება უწყვეტად განხორციელდება.
"შეხვედრის მიზანი იყო ბიზნესსექტორთან ერთად გვემსჯელა არსებულ ვითარებაზე. იმაზე, რომ საბანკო და საფინანსო სექტორმა უწყვეტად გააგრძელოს მუშაობა. ჩვენ შეხვედრაზე დავადასტურეთ, რომ ყველა საბანკო სერვისის მიწოდება უწყვეტად ხდება," - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ,
გიორგი თხელიძემ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო.
"საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. კერძოდ, კონკრეტული აქცენტები დაისვა სახელმწიფოსა და ბიზნესის როლზე და სხვადასხვა პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე.
ძირითადი აქცენტი დამსაქმებლების ნაწილში შეეხო იმას, რომ დასაქმებულების უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა ვუზრუნველვყოთ. საუბარი იყო სპეციალურ რეგულაციებზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებს გაუმკლავდება და ის ამისთვის მზადაა," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.