ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების ნორმებს აწესებს. განმარტება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან, პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით, ასევე ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით.
"საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულები არიან, გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით და სხვა ჰიგიენური საშუალებებით," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.