"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა ჩარტერული რეისებით, სამშობლოში საქართველოს ის მოქალაქეები დაბრუნდნენ, რომლებიც შეზღუდული ფრენების გამო, ამას ვერ ახერხებენ. პარტიის მიერ ორგანიზებულ "სამაშველო ოპერაციის" სისრულეში მოსაყვანად კი ვაშაძე დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად, ორი კვირით საკარანტინო ზონაში მოთავსდება. მისივე თქმით, რამდენიმე სასტუმროს მეპატრონემ მზადყოფნა გამოთქვა, ჩამოსულები უსასყიდლოდ მიიღოს.
"საშუალება გვაქვს განვახორციელოთ ოთხი რეისი. 31 მარტს ვარშავა-კიევი-თბილისი, 1 აპრილს ბერლინი და რომი, 2 აპრილს ბარსელონა. დაახლოებით, საქართველოს 1000 მოქალაქის ჩამოყვანას შევძლებთ უფასო ჩარტერული რეისებით. მოძიებულია უკრაინული კომპანია, რომელიც განახორციელებს ფრენებს, უფასო ჩარტერული რეისებით და მოძიებულია სახსრები, რომელიც ამ სამაშველო ოპერაციას დასჭირდება. ეს ყველაფერი კიევში მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ხელისუფლების დახმარების და ჩარევის გარეშე ჩვენ ამ სამაშველო ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.