ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში მოსახლეობის იმ ნაწილის დახმარებაც შედის, ვინც COVID 19-ის გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისის გამო სამსახური დაკარგა. როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, განცხადებები, რომლებიც მთავრობის დახმარებასთან დაკავშირებით მოსახლეობას არასწორ წარმოდგენას უქმნის, პოპულისტური და სახიფათოა.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 14 მილიარდი ბიუჯეტიდან 2 მილიარდის გამოყოფაზე, გასაგებია, რომ ძალიან ბევრი ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა გაჟღერებული მთელი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ის პროგრამა, რომელიც გვქონდა გათვალისწინებული, ასევე, მიმდინარე ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც იყო გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს, ამ მუხლების ნაწილში ხარჯების შემცირება. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიზნესი ამ მხარდაჭერის შედეგად შეძლებს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არცერთი მოქალაქე არ დატოვოს შემოსავლის და სამსახურის გარეშე, თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას. ძალიან სახიფათოა ნებისმიერი სახის პოპულისტური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოქალაქეებს შეიძლება დავურიგოთ და შევუქმნათ არათანაზომიერი, არასწორი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის დახმარებას შეიძლება ჰპირდებოდეს სახელმწიფო. როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს ძალიან მიზნობრივი და კონკრეტული პაკეტი,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ COVID 19-ის გავრცელების გამო შექმნილი კრიზისი დასაძლევად გეგმა წარმოადგინა.