სწრაფი ტესტებით შემოწმება დაიწყო. პირველ ეტაპზე კორონავირუსზე ამოწმებენ მედპერსონალს. ადამიანებს, რომელთაც მუდმივი შეხება აქვთ რისკ-ჯგუფებთან. ეს არის საშუალება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 15 წუთში არის შესაძლებელი დაზუსტდეს პასუხი - აქვს თუ არა, კონკრეტულ პირს COVID-19.
"მივიღეთ ტესტები და გადავწყვიტეთ მითითების შესაბამისად, რომ გაიტესტოს მთლიანად მედპერსონალი, ვისაც უშუალო შეხება აქვს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან. ეს არის სწრაფი ტესტი, რომლისგანაც 15 წუთის განმავლობაში შეგვიძლია პასუხის მიღება,"- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე.
ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ტესტის ჩატარება 14 დღის შემდეგ კვლავ შესაძლებელია.
"კონტინგენტს, რომელსაც შეხება აქვს პაციენტებთან, ჩაუტარდებათ აღნიშნული ტესტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტესტი ითვალისწინებს დაახლოებით 14 დღის ინტერვალით გამეორებას უარყოფითი ტესტირების შემთხვევაში,"- აღნიშნავს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, მაია სულაქველიძე.