საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა. პაციენტი კლინიკა "თიმის" თანამშრომელია. მას საეჭვო სიმპტომები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა. თუმცა COVID - 19 ლაბორატორიულად ორი დღის წინ დაუდასტურდა.
კლინიკა "თიმის" ინფიცირებული ექიმი პროფილურ კლინიკაშია გადაყვანილი.
აღნიშნულის გამო იზოლაციაშია რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის იზოლაციაში იმყოფება კლინიკის დირექტორიც.
რაც შეეხება კლინიკა "თიმში" მყოფ სხვა პაციენტებს, მათი ნაწილი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო 7 მძიმე პაციენტი, კლინიკის დირექტორის თქმით, ადგილზე რჩება და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ.
"ჩვენმა თანამშრომელმა გუშინ გაიკეთა 12 საათზე ტესტი და პასუხი მიიღო გუშინ ღამე 10 საათზე. დავიწყეთ კონტაქტების მოძიება, მათ შორის მეც ახლა ვიმყოფები კარანტინში," - განაცხადა კლინიკის დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ.
ამ დრომდე კლინიკაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ.