საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების მიუხედავად, სააღდგომო ღვთისმსახურება ეკლესიებში კომენდანტის საათის დროს ჩატარდება. სამების საკათედრო ტაძარში ხვალიდან პარასკევის ჩათვლით, მსახურება კომენდანტის საათამდე დასრულდება, შაბათს კი, კომენდანტის საათის დაწყებიდან ზუსტად ერთი საათის შემდეგ დაიწყება. 23:00 საათზე ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქი მივა, რომელმაც დღეს მრევლს ქადაგებით მიმართა.
სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტ დემეტრეს ვნების შვიდეულის მსახურების განრიგის გამოცხადებისას არ დაუკონკრეტებია, წირვა მრევლის გარეშე ჩატარდება თუ მათთან ერთად. თუმცა, მრევლის გარეშე აღდგომის ღამის ლიტონიობა ვერ წარმოუდგენია მღვდელმთავართა ნაწილს.
როგორ ჩატარდება ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია - მღვდელმთავართა ნაწილი ხვალ პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ ცნობილი დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება. როგორც უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირების ნაწილი ამბობს, ისინი მრევლს სახლში დარჩენისკენ ვერ მოუწოდებენ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე აღდგომის აღნიშვნის საკითხის განხილვის პარალელურად აქტუალურია სასულიერო პირების ვირუსზე ტესტირების საკითხიც.
დღეს ყველა მოქმედ ტაძარში ხალხმრავლობა იყო, დარღვეული იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი - სოციალური დისტანცირება. მიუხედავად ამისა, მრევლის ნაწილი რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრობს და ტაძარში მისვლას აღდგომის ღამეს, კომენდანტის საათის პარალელურად გეგმავს.
პრეზიდენტის დეკრეტის კიდევ ერთი მოთხოვნა ეკლესიის მიმდებარედ ირღვეოდა. გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, ბზა მაინც იყიდებოდა.
აღდგომის ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება, თუმცა ამ დრომდე უცნობია - როგორ. კორონავირუსის პანდემიის ფონზე რადიკალური ცვლილებები განიცადა ცხოვრების ყველა მიმართულებამ. იქნება თუ არა მათ შორის საქართველოში აღდგომის აღნიშვნისას ღამის ლიტონიობა, ეს სავარაუდოდ დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი.