რატომ იზღუდება ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლება, როცა არც პრეზიდენტის დეკრეტი და არც იუსტიციის საბჭოს რეკომენდაცია ამას არ ითვალისწინებს - საგანგებო მდგომარეობის პირობებში საერთო სასამართლოებში პროცესების დახურვისა და სხვა სახის ხარვეზებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ.
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიიჩნევს, რომ სხდომათა საჯაროობის პრინციპის უგულვებელყოფა მხარეთა უფლების უხეში დარღვევაა.
"ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად დახურულ პროცესებს, რომელზე საზოგადოებას არ აქვს წვდომა, ეს არის პრინციპულად პრობლემური და კრიტიკული საკითხი. ბოლომდე ლაივ-ტრანსლაციები შესაძლოა ხელს უშლიდეს ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ეს ტექნიკურადაც შეიძლება არ იყოს ბოლომდე მარტივად გასაკეთებელი, თუმცა გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტები სასამართლოებმა უნდა დააკმაყოფილონ და რაღაც დოზით უნდა დაუშვან საზოგაოდოება სასამართლო პროცესებზე დასაკვირებლად," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორის მერაბ ქართველიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია საჯაროობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყოს.