ქართველი ექიმები მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ სახლში დარჩნენ.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, მას კარგად ესმის, მორწმუნე ადამიანისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ის რელიგიური დღესასწაულები. რომლებიც უახლოეს მომავალშია, თუმცა მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ამ რთულ ვითარებაში სახლში დარჩენა აუცილებელია:
"ჩვენ არ ვიცით ვინ ვართ დაავადებული შესაძლოა კარგად გრძნობდეთ თავს მაგრამ იყოთ დაავადებული. ძალიან გთხოვთ დარჩით სახლში. ახლა ისეთი დღეებია, მე მესმის, მე თვითონ მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლავართ და ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ძალიან მჭიდროდ ეკლესიასთან, მეც მორწმუნე ვარ მაგრამ ახლა სხვა მოცემულობაში ვართ. ვეცადოთ რომ ვიყოთ სახლში, უფალი მოწყალეა," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ამ დღეებში თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან და სახლში ილოცონ, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებით დაზღვეული არავინ არაა:
"ვირუსი არის წვეთოვანი გზით გავრცელებადი, ამიტომ დაცული არცერთი არაფრისგან არ ვართ. ჩვენი თხოვნა იქნება, პირადად სამედიცინო საზოგადოების, რომელიც მართლა 24-საათიან რეჟიმში ვართ, ძალიან გთხოვთ რომ შევიკავოთ თავი და ძალიან კარგი წინადადება ითქვა დღეს: გადავაქციოთ ჩვენი სახლები, ყველას გვაქვს ხატები, სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ და ვუყუროთ პირდაპირ ეთერს რომ ზედმეტი კონტაქტი არ ვაწარმოოთ, არ ვართ ხალხო არაფრისგან დაცულები,"- განაცხადა დევი ტაბიძემ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპის ქვეყნებში მაღალი სიკვდილიანობა სწორედ პაციენტების გაზრდილმა ნაკადმა გამოიწვია, რადგან შეიქმნა სამედიცინო რესურსის პრობლემა, ამის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა კი სწორედ სახლში დარჩენა და ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლაა:
"სერიოზული პრობლემების წინაშე დგება ქვეყანა, შიდა გადაცემის შემთხვევები იმატებს და ბუნებრივია ყველას უნდა ესმოდეს, ერთი ადამიანი პოტენციურად შეიძლება აავადებდეს 3 ადამიანს, ანუ დღეს თუ გვაქვს 300-ზე მეტი დაავადებული, შეიძლება რამდენიმე დღის შემდეგ იყოს 900, 2700 და ეს პროგრესიით ასე გაიზრდება. ჩვენ არ გვეგონოს, რომ იტალია, საფრანგეთი და ამერიკა, როცა მათმა ჯანდაცვის სისტემებმა კოლაფსი განიცადეს, მოუმზადებლები იყვნენ. ისინი არიან უმაღლესი დონის სამედიცინო სისტემები , მაგრამ პაციენტების დიდ რაოდენობაზე, როდესაც საკმარისი სამედიცინო ხელი არ იყო პაციენტების მოვლისთვის, მათი გადაბრუნებისთვის, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ასეთი მაღალი იყო სიკვდილობა" - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.