დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის შემდეგ ნაწილზე იმსჯელეს, რომელსაც მთავრობა საზოგადოებას პარასკევს, 24 აპრილს წარუდგენს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას; ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას;
ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.
ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ასევე განიხილეს პოსტკრიზისული გეგმა, რომელზე მუშაობაც აქტიურად გრძელდება.
ანტიკრიზისული გეგმის პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები, მათ შორის - 3 თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის; 9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულიყო; ბიზნესს დაუწესდა საგადასახადო შეღავათები; 3 თვით გადაუვადდათ სესხების მომსახურება მოქალაქეებს და ბიზნესს.
შემდეგი ეტაპი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან, რაც მთავრობის უპრეცედენტო მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლება ასეთივე თანმიმდევრული იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებისა და ეკონომიკური ცხოვრების ეტაპობრივი გააქტიურების პროცესში, რათა გლობალური პანდემიით გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან შექმნილი ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი, სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ეროვნული ბანკი, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, რეგულარულად იკრიბება.
ამ ფორმატში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები - სოზარ სუბარი და ბექა ლილუაშვილი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.