ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 456-ს აღწევს. ბოლო 24 საათში დამატებულია 25 ახალი შემთხვევა.
"25 მინდა განვმარტო, გუშინდელ დღეს ჩატარდა დიდი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია, შემდგომ დღეებში აგრესიული კვლევების გარეშე ჩატარდება და ვიმედოვნებთ რომ მაჩვენებელი ასეთი არ იქნება,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 4 პაციენტი. მათგან 2 მოზარდია. მოზარდების მდგომარეობა მსუბუქია, დანარჩენი 2 -დან ერთ-ერთს კი პნევმონია აქვს. ახალი შემთხვევებიდან 3 ბოლნისის წყაროა, ერთის წყარო კი უცნობია.
კრიტიკული პაციენტები ამ დროისთვის საავადმყოფოში არაა, არის 17 პაციენტი მძიმე პნევმონიით.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც დიდია - 18 ადამიანი და საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე 132-ია.