18 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ბარსელონა-ბათუმის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 177 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ამჯერად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეცრეისი ბარსელონადან განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება და სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით აჭარაში განლაგებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც განთავსებულია სასტუმროებში: "ოაზისი", "კოლიზეუმი" და "ველმონდი". 14-დღიანი კარანტინის დროს, უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 84 სასტუმროში მოქმედებს.

ამჟამად კარანტინში 4982 ადამიანი იმყოფება. მათ შორის, აჭარაში მდებარე საკარანტინო ზონებში განთავსებულია 1570 მოქალაქე.

საკარანტინო ზონებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

დღის ამბები