ჩვენს ქვეყანაში პარკებსა და სკვერებში მოქალაქეების სეირნობა დასაშვებია, თუკი თავს არ იყრის 3-ზე მეტი ადამიანი და იცავენ სამ მეტრიან დისტანციას.
ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც სახლში არ რჩებიან და გარეთ სეირნობენ, ვირუსის გავრცელების წყაროს ქმნიან. როგორ შევამციროთ ინფიცირების რისკები სუფთა ჰაერზე სეირნობისას, ამას იმუნოლოგები გვირჩევენ.
ზრდასრულებისგან განსხვავებით, წესების დაცვა გაცილებით რთულია ბავშვების გასეირნების შემთხვევაში. პატარების კონტროლი არ შეეხონ ზედაპირებს და არ მიიტანონ ხელი სახესთან, ფაქტობრივად შეუძლებელია. უნდათ მივიდნენ იქ, სადაც სხვა ბავშვები არიან, დასხდნენ ატრაქციონებზე ან ითამაშონ ქვიშაში. ყველა ამ ქცევას პედიატრები ამ ეტაპზე სასტიკად კრძალავენ. ჩვილების შემთხვევაში, თუკი მათ ეტლით ვასეირნებთ, ვირუსის გადადების რისკი მინიმალურია, თუმცა მოზარდებთან მეტი ყურადღება გვმართებს.
გარეთ გაყვანა და გასეირნება სჭირდებათ ოთხფეხა მეგობრებსაც. ცხოველების პატრონები კიდევ უფრო ხშირად გადიან გარეთ, მაგრამ განსაკუთრებული წესები პანდემიის პირობებში მათთვისაც მოქმედებს. პირბადე და ხელთათმანი ამ შემთხვევაში გამოუსადეგარია. სპეციალისტები გვირჩევენ არ გავასეირნოთ ისინი პარკებსა თუ სკვერებში იქ, სადაც სხვა მოქალაქეებიც ხშირად დადიან.
დარჩი სახლში - მოწოდების მიუხედავად, ქუჩებში, სკვერებსა თუ პარკებში მაინც ბევრი ადამიანი დადის. ზოგი ძაღლით, ზოგი ბავშვით, ზოგი ველოსიპედით და ზოგიც მარტო. ყველა ამბობს, რომ რეკომენდაციებს იცავს, მაგრამ ხშირად უსაფრთხოების წესები მაინც ირღვევა.
თუ სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია შესრულდება, სეირნობასთან დაკავშირებული რისკებიც მინიმუმამდე შემცირდება. ასევე, ნაკლებ სავარაუდო იქნება, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, სასეირნოდ გასვლა ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალოს.
პანდემიის პირობებში ყველაზე ეფექტურ რეკომენდაციად მაინც რჩება - დარჩით სახლში.