თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 106 პაციენტიდან, 81-ს დადასტურებული COVID ინფექცია აქვს. ლევან რატიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკას 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი ტოვებს. მისივე თქმით, 8 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
"დღეს კლინიკიდან ეწერება 9 გამოჯანმრთელებული კოვიდის გარეშე. პირველადად გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ტესტის პასუხი და ველოდებით განმეორებითს.
რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, დადებითი დინამიკაა იმ სიტუაციით, რომ უარყოფითი კლინიკა არც ერთ პაციენტში არ ვლინდება. რეანიმაციის პაციენტები იცით, რომ გვყავდა 8, აქედან 6 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ორი სპონტანურ სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური, ყველა მათგანი უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ზოგიერთ მათგანთან გამოხატულია დადებითი დინამიკა,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.
გარდა ამისა, ლევან რატიანის თქმით, კლინიკამ ერთი საეჭვო შემთხვევა მიიღო. საუბარია საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე.
"ერთი პაციენტი მივიღეთ ახალი საეჭვო შემთხვევა, საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნიდან. ამ ეტაპამდე, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, ველოდებით COVID-19-ის პასუხს და იმის მიხედვით გადაწყდება ყველაფერი.
დღითიდღე, გაწერილი პაციენტების რაოდენობა ჩვენი კლინიკიდან იზრდება, რაც ძალიან გვახარებს,“ - აღნიშნა ლევან რატიანმა.