18 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
მონასტერში დაწყებული კონფლიქტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ჯერ გასროლით დასრულდა - სასულიერო პირს ბრალი წარუდგინეს

განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის მუხლით ბრალდებული ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს. სახელმწიფო ბრალდება კი ამტკიცებს, რომ მამა დავით კობაიძე მისივე მეგობარ მღვდელს ჯერ ჩაუსაფრდა, შემდეგ კი 10-ჯერ ესროლა. ბრალის დადგენილება, რომლიც "კურიერმა" მოიპოვა, ადასტურებს, რომ სასულიერო პირებს შორის კონფლიქტი ყინწვისის მონასტერში დაიწყო, შემდეგ კი სოფელ რიეთში სროლით გაგრძელდა.

დანაშაულის იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც გამოძიება სასულიერო პირს ედავება, ადვოკატების მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეში არ დევს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურის ბრალდება უსაფუძვლოა და საქმეში დაკავებულის წინააღმდეგ არც პირდაპირი ჩვენებები არ არსებობს.

დაცვის მხარე აბსურდულად აფასებს სასულიერო პირებს შორის მომხდარ კონფლიქტსაც და აცხადებს, რომ 20 აპრილს, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე არ ყოფილა.

მძიმე დანაშაულში ბრალდებული სასულიერო პირი რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ახლო გარემოცვის წევრია, თუმცა კვირაზე მეტია, სასულიერო პირებს შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე ეპარქიაში კომენტარს არ აკეთებენ. "კურიერის" არაერთი მცდელობის მიუხედავად, მიტროპოლიტი იობი სატალეფონო ზარებს არ პასუხობს.

რა რეაგირება ექნება სასულიერო პირებს შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე საპატრიარქოს, უცნობია. მათი განცხადებით, ისინი ეპარქიის რეაგირებას ელოდებიან.

მამა დავით კობაიძე სამართალდამცველებმა 28 აპრილს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები