ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პრეპარატ "რემდესივირის" მისაღებად კომპანია "გილიედს" მიმართა.
ცერცვაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს აღნიშნულ პრეპარატს კორინავირუსის სამკურნალოდ.
ცერცვაძის ინფორმაციით, მთელი მსოფლიო ცდილობს "რემდესივირი" მოიპოვოს, ამისთვის მათ რიგში უწევთ ყოფნა, თუმცა ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკლები შანსი აქვს, რადგან ქვეყანაში არც ისე ბევრი ინფიცირებულია.
"როგორც კი გაჩნდა ეს ეპიდემია და არ არსებობდა პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი, მაშინვე დაიწყეს დაახლოებით 15 მედიკამენტის კვლევა თუ რომელი გაამართლებდა ამ კორონავირუსის სამკურნალოდ. "რემდესივირი" თავიდანვე მოიაზრებოდა ფავორიტად ამ ჯგუფში. მისი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა ეფექტური კორონავირუსის სამკურნალოდ. მანამდე თქვენ იცით, განიხილებოდა კიდევ რამდენიმე მედიკამენტი, მაგრამ "რემდესივირი" ითვლებოდა ფარულ ფავორიტად. პრეპარატი, რომელზეც ამყარებდნენ ყველაზე დიდ იმედს. შემდეგ ერთხანს ეს იმედები არ გამართლდა.
იყო კვლევის შედეგები, რომელმაც უჩვენა, რომ "რემდესივირი" არც ისე ეფექტურია კოვიდის დროს, როგორც თავიდან ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია. ამერიკის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის ყველაზე ავტორიტეტულმა დირექტორმა, რომელიც ჩვენი დიდი მეგობარია, დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ "რემდესივირი" ეფექტურია ამ დაავადების დროს და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ყველა არ ეთანხმება, ახლაც არის განსხვავებული აზრებიც.
ახლა რაც შეეხება, საქართველოს აქვს თუ არა შანსი "რემდესივირის მიღების," თავიდანვე მთელი მსოფლიო იდგა რიგში რემდესივირის მისაღებად. იმის გამო, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ცოტა ინფიცირებული და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი, ამ რიგში უშანსოდ ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენს მთავრობას აქვს ერთი პრივილეგია.
კომპანია "გილიედი" ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს აწვდის C-ჰეპატიტის ელიმინაციისთვის უფასოდ მედიკამენტებს და საერთოდ დიდ პატივს სცემს საქართველოს და მის ჯანდაცვას. ქალბატონმა ეკამ და ხელისუფლებამ ისარგებლეს ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართეს კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და მისცენ საქართველოს "რემდესივირი."
არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს "რემდესივირს" თუ გამართლდა იმედები, რომელიც დღეს არის და გამართლდა ის სიტყვები, რაც თქვა ტონი ფაუჩიმ, მაშინ საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ. ამაზე მეტი რაღა უნდა ქნას, სულ ექვსი გარდაცვლილი ჰყავს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.