18 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის აფეთქებაზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო

ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება:

"თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო მომხდარის შედეგად დაშავებული 1 პირი, რომელიც ამავე გაზგასამართ სადგურზე მუშაობს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ამაშუკელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული უსაფრთხოების ყველა ზომა და გადაიკეტა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ცეცხლი გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდგარ შენობა-ნაგებობას ეკიდა. აფეთქებამ, ასევე, ახლომდებარე შენობებზე შუშებიც ჩაამსხვრია.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები