18 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
საბურთალოს კორპუსში, სადაც კორონავირუსი გავრცელდა, სადეზინფექციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა

სადეზინფექციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა საბურთალოზე, იმ კორპუსში, სადაც კორონავირუსი გავრცელდა. 4 სართულიდან შენობაში სადარბაზოები და გარე პერიმეტრი დამუშავდა. მაცხოვრებლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მათ გარეთ გასვლა ეკრძალებათ.

მაცხოვრებლების მიერ დადგენილი წესების დაცვა ჯერჯერობით არ კონტროლდება. კორპუსთან არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს გააკონტროლებენ, თუ როგორ იცავენ ისინი რეკომენდაციებს.

დღეს როგორც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებს, ასევე მიმდებარე ტერიტორიასაც დეზინფექცია ჩაუტარდა. კორპუსის თავმჯდომარესთან ერთად, ეპიდემიოლოგებმა დაამუშავეს ის ადგილები, სადაც დაინფიცირებულები ბოლო დროს იმყოფებოდნენ.

საბურთალოს კლასტერს ოფიციალურად სულ 23 დაინფიცირებული ჰყავს და დღის ბოლოს ერთი პიროვნების პასუხს ელოდებიან. ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ამ ტესტის პასუხიც დადებითი იქნება.

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც კორპუსში თვითიზოლაციაში რჩებიან, მათ საკვები პროდუქტების პრობლემა არა აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ჰყავთ ახლობლები, რომლებიც საჭმელი პროდუქტით ამარაგებენ.

"აქ საგანგაშო მემგონი არაფერი არ არის. გადაადგილება არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, არ ვარღვევთ, ახლობლებიც დაგვეხმარებიან ამაში, ჩვენ კიდევ ვეცდებით, რომ არ გავიდეთ ხშირად გარეთ. პროდუქტებსაც მოგვაწვდიან. 23 ოჯახი არის გადაყვანილი," - აცხადებენ კორპუსის მაცხოვრებლები.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის მთავარი წყარო ექთანია, რომელიც ამ დროისთვის მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებს.

დღის ამბები