ბათუმსა და იზმირში სპესამსახურების ერთობლივი სპეცოპერაცია ჩატარდა.
აყვანილია თურქული დანაშაულებრივი დაჯგუფების 50 წევრი, რომელთაგან 9 საქართველოში იმალებოდა, მათ შორის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი.
ბინალი ჯამგიოზი, რომელსაც თურქეთის პოლიცია უკვე ერთ წელზე მეტია ეძებს, ამ დროისთვის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში იმყოფება. ის არის იმ დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, რომლის 9 წევრიც ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. გაირკვა, რომ საქართველოში, დანაშაულში მხილებული პირები, კავშირში არიან თურქეთის ქალაქ იზმირის პროკურატურის მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან.
თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ადგილობრივმა გამომძიებლებმა გაშიფრეს ის სქემა, რომლითაც ბათუმში მიმალვაში მყოფი პირები უმძიმეს დანაშაულს ჩადიოდნენ. უკვე დადგენილ 38 პირს თურქეთის ტერიტორიაზე განზრახ მკვლელობას, ძარცვას, იარაღის უკანონო ტარებასა და კერძო საკუთრების დაუფლებას ედავებიან. ამ ყველაფერს კი ქვეყანაში უკანონოდ შემოსული თურქი ლიდერი ხელმძღვანელობდა, რომელიც ბათუმში წმინდა თევდორე აჭარელის ქუჩაზე ცხოვრობდა.
საქმე, რომლის დეტალებზეც ადვოკატს საუბარი არ სურს, ქალაქ ბათუმში ერთდროულად ორ ლოკაციაზე ჩატარებული სპეცოპერაციაა. "კურიერმა" გაარკვია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერთან ერთად ამ მისამართზე კიდევ 4 პირი ცხოვრობდა. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს კი აქვთ პირდაპირი მოწმეების ჩვენება - როგორ ასრულებდნენ ბინალი ჯამგიოზის მითითებებს მასთან ერთად მყოფი პირები.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წინასწარ იყო ცნობილი, რომ თურქეთის 9 მოქალაქე დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას საქართველოში სხვადასხვა მისამართზე ინახავდა. ბათუმში დავით კაკაბაძის ქუჩაზე ნივთმტკიცებები 3 საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. "კურიერთან" საუბრის დროს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ იარაღი თურქეთის მოქალაქეების საკუთრებაშია.
ამ პოზიციის მიუხედავად, ბრალდებულის ოჯახის წევრი ვერ აკონკრეტებს როდის და რა გზით შემოვიდნენ დანაშაულში მხილებული პირები საქართველოში. "კურიერის" ინფორმაციით გამოძიება ორი მთავარი მიმართულებით მუშაობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ნარკოდანაშაულისა და იარაღით უკანონოდ ვაჭრობის სქემის გასაშიფრად.
საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო. ჯერჯერობით უცნობია, რისთვის გამოიყენებოდა სპეცოპერაციის დროს ამოღებული იარაღები. ამის გარდა გამოძიებას დასადგენი აქვს, როგორ შემოვიდნენ საქართველოში ისე, რომ საზღვრის კვეთა არ უფიქსირდებათ და ინფორმაცია სპეცსამსახურებსაც არ ჰქონდათ.
არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საქმეში მუხლი გადაკვალიფიცირდეს. საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების მიზნებსა და გეგმებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი არკვევს.
არ არის გამორიცხული, რომ ამ სპეცოპერაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა დანაშაულის კვალზეც გავიდეს. ეს სავარაუდოდ მას შემდეგ გაირკვევა, როცა ქართველი გამომძიებლები თურქი კოლეგების მტკიცებულებებსაც გაეცნობიან.