საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებთან ონლაინშეხვედრა გამართეს.
ონლაინშეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ფარგლებში ტურიზმის სფეროში ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივები.
"შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან. მათ შორის იყო ისრაელის ელჩი, რომელთანაც კიდევ უფრო კონკრეტულად გავიარეთ თუ როგორ უნდა მოხდეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების პრინციპით თანამშრომლობა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათი მხრიდან მზაობა ძალიან პოზიტიურ ჭრილშია გადატანილი და იმედს ვიტოვებთ, რომ ისრაელი იქნება ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო უსაფრთხო დერეფნების ფორმატით განაახლებს ტურისტულ უსაფრთხო მიმოსვლას.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჩვენს ელჩებთან იმ ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან მნიშვნელობითა და პრიორიტეტებით. მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის მთავარია ტურიზმის გახსნა, თუმცა გახსნა ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად. ამიტომ, ძალიან სელექტიურად მივყვებით იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან ე.წ. მწვანე ქვეყნები და შესაბამისად, ამ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები თუ როგორ უნდა განახლდეს ტურისტული მიმოსვლა", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინშეხვედრაზე ელჩებმა ისაუბრეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში არსებულ ვითარებასა და ტურიზმის პერსპექტივებზე.
როგორც ცნობილია, 1-ლი ივლისიდან საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.