18 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაიზარდა - რამდენად იმოქმედა პანდემიამ პროდუქციის გაძვირებაზე და როგორ შეიცვალა სტატისტიკა

მოქალაქეების ნაწილი ეკონომიკური კრიზისის პარალელურად პროდუქციის გაძვირების მძიმე შედეგებზე საუბრობს. ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში პირველადი მოხმარების საქონელზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. მათი თქმით, ხორც-პროდუქტებისა და რძის ნაწარმის მსგავსად, მოსახლეობის უმრავლესობას უკვე ბურღულეულისა და სასიცოცხლოდ საჭირო ელემენტარული საკვების შეძენა უჭირს. ინფლაციური პროცესების ნეგატიურ შედეგებზე საუბრობენ მოვაჭრეებიც.

სამომხმარებლო კალათა რომ გაძვირდა, ამას საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე გავლენა ლარის კურსთან ერთად სეზონური ხილის შემოსვლამაც იქონია. საქსტატის ხელმძღვანელის განცხადებით, პროდუქტებზე ფასების შესამჩნევად ზრდის ტენდენცია უკვე სამი თვეა ფიქსირდება.

ინფლაციურ პროცესებზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს აკისრებს.

ოპონენტები მთავრობას პოსტპანდემიურ დროს ეკონომიკური რეგულაციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებენ. ფასთა სტაბილურობის შენარჩუნება რომ პრობლემაა, ამას არც მმართველ გუნდში უარყოფენ. თუმცა აცხადებენ, რომ პანდემიის გამო შეჩერებული ეკონომიკის ამუშავება საკითხს ეტაპობრივად მოაგვარებს.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის გაორმაგებას ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელ სიგნალს უწოდებენ ეკონომისტები. ანალიტიკოსების ნაწილი გამოსავალს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაში ხედავს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ეკონომიკური რეფორმები უნდა დააჩქაროს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაციის ნიშნულს შეამცირებს.

სტატისტიკის სამსახურმა მაისის თვის მონაცემები დღეს გაასაჯაროვა. 2020 წელს გეგმური ინფლაციის მაჩვენებელი 3 პროცენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ნიშნულმა ხუთ თვეში 6.5 პროცენტს უკვე მიაღწია.

დღის ამბები