საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ტენდერებს უმეტესად ბიზნესმენი ოთარ ბუზარიაშვილი იგებს. საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარემ კითხვას, არის თუ არა მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ოთარ ბუზარიაშვილი, არ უპასუხა. საკრებულოს თავმჯდომარედ ოთარ ჩალათაშვილის არჩევის შემდეგ მისმა ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოში 2019 წელს 23 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 336 748 ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტებში შესაძლოა კორუფციის ფაქტები "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეისწავლოს. კორუფციულ გარიგებებს საგარეჯოს საკრებულოს წევრები გამორიცხავენ.
საგარეჯოს გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ კორუფციის სავარაუდო ნიშნები აღმოაჩინა სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვებშიც. კვლევის თანახმად, საკრებულოს წევრის, ივანე მირიანაშვილის შვილმა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სულ 5 375 427 ლარის ღირებულების 44 ტენდერი და 57 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს.
მირიანაშვილის ბიზნესპარტნიორის, ოთარ ბიძინაშვილის კომპანია "ინტერ პლიუსმა" კი ამავე მუნიციპალიტეტიდან 2013-2019 წლებში 4 500 000 ლარი მიიღო. სიღნაღის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდომარე კამერებთან არ გამოჩენილა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში მერისა და მასთან დაახლოებული პირების საქმიანობით საგამოძიებო უწყება დაინტერესდა და გამოძიება დაიწყო, ზაზა მელიქიძე კვლავ თანამდებობაზე რჩება.
ტენდერების პირდაპირი შესყიდვის წესით ირკვევა, რომ ახალციხის მერის მრჩევლის კომპანიაც უკონკურენტოდ იგებს.
2014 წლიდან დღემდე "მშენებელი 2004-ის" შემოსავლებმა 4 096 286 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 103 065 ლარი კომპანიას ახალციხის მუნიციპალიტეტების შესყიდვებიდან დაერიცხა. ამ თანხის ნახევარზე მეტი, 651 420 ლარი, მოგებული ტენდერებით მიიღო. ახალციხის მერის მრჩეველი კორუფციულ გარიგებებს გამორიცხავს.
პარალელურად, სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების გარემოცვის გარდა ტენდერებს მაღალჩინოსნების ძმების კომპანიებიც იგებენ. მათ შორის არის ახალციხის მერის არჩევის შემდეგ მისი ძმისა და რძლის კომპანია და ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ასევე, მისი ძმის ბიზნესი. 2014-2020 წლებში ახალციხის მერის ნათესავებმა ახალციხის ბიუჯეტიდან 565 710 ლარი მიიღეს. ამავე პერიოდში ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას ასპინძის ბიუჯეტიდან 740 065 ლარი დაერიცხა.
ახალციხის, ასპინძის, სიღნაღისა და საგარეჯოს გარდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე 10 თანამდებობის პირის საქმიანობა შეისწავლა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მონიტორინგის 10 თვის შედეგებმა აჩვენა, რომ საჯარო მოხელეებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ ბოლო 8 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან კორუფციული რისკებით 128 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო. ამ ათეულში შედიან მაჟორიტარი დეპუტატები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მისი წევრები.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში, აუცილებელია, საჯარო მოხელეების საქმიანობის შესწავლა ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყოს. ასევე, მიიჩნევენ, რომ ქონებრივ დეკლარაციაში არსებული უზუსტობების გამო საქმით საჯარო სამსახურის ბიუროც უნდა დაინტერესდეს.