ამერიკის შეერთებული შტატები პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდს გლოვობს. მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის სამოქალაქო პანაშვიდზე ასობით ადამიანი მივიდა. მათ გარდაცვლილის ხსოვნას პატივი სიმბოლურად, 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში დუმილით მიაგეს.
სამგლოვიარო ცერემონიის პარალელურად, შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები გრძელდება. 10 დღის განმავლობაში საპროტესტო გამოსვლების დროს სამართალდამცველებმა 10 000-ზე მეტი პირი დააკავეს. ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში კი უკვე რამდენიმე დღეა, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.
პოლიციის მხრიდან კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი მოხდა ამჯერად ნიუ-იორკის შტატში. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილე 75 წლის მამაკაცის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს. მამაკაცმა ქვაფენილზე დაცემის შედეგად გონება დაკარგა, თუმცა პოლიციამ მის დასახმარებლად არაფერი გააკეთა. მომხდარის გამო სამართალდამცველები სამსახურიდან დაითხოვეს და ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
შტატების გარდა პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაიმართა ავსტრიაში, ინგლისში, ესპანეთსა და საფრანგეთში. საფრანგეთში პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შტატებში განვითარებულ მოვლენებს გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა. ანგელა მერკელმა მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.
46 წლის აფროამერიკელის გარდაცვალების საქმეში მონაწილე სამ პოლიციელს მოსამართლემ გირაოს სახით მილიონი დოლარი შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.