ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო," - ნათქვამია ინფორმაციაში.
კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის ნათია ნუცუბიძის განცხადებით, პაციენტის გადარჩენა ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
"პაციენტი 3 ივნისს გულის გაჩერებით შემოიყვანეს, ჩავატარეთ რეანიმაციული ღონისძიებები და შედეგად გულის მუშაობა აღვადგინეთ. ამის შემდეგ ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავიყვანეთ ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე. მიღებული ზიანის შესაბამისად, მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა. ჩვენგან ყველანაირი სახის დიაგნოსტიკა ჩატარდა, თუმცა დღეს 8 საათზე პაციენტის სიკვდილი დაფიქსირდა,"- აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.
ცნობისთვის, აღნიშნულ გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა და ერთი ადამიანი დაშავდა.