მოქალაქეს, რომლის მტკიცებით, კახა კალაძემ მაისური შემოახია, თბილისის მერმა ახალი მაისური გაუგზავნა. კახა კალაძე ვარკეთილში დაპირისპირებისას მოქალაქესთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას უარყოფს და აცხადებს, რომ მაისური მამაკაცმა სავარაუდოდ თვითონ შემოიხია.
"არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულების, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, იმიტომ, რომ არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება," - განაცხადა კახა კალაძემ.
ინციდენტი გუშინ ვარკეთილში სკვერის გახსნისას მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მერს შეძახილებით და საყვირებით დახვდნენ. მას ადგილზე "ანას ბაღის“ დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, მერმა მას მაისური შემოახია.