მზარდია ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 878 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, "კოვიდ-19"-ით გარდაიცვალა 21. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში "კოვიდ-19"-ის 170 ათასამდე დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია თითქმის 5000.
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი, 153 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. სომხეთის პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში იყო შემთხვევა, როდესაც "კოვიდ-19"-ით ადამიანი სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო გარდაიცვალა.
ფაშინიანი აცხადებს, რომ საზოგადოებას კორონავირუსის არსებობის არ სჯერა.
"ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს იმიტომ აქვეყნებს, რომ დახმარება მიიღოს. ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის. შეგვიძლია, ეს ჯოჯოხეთი გავიაროთ ჰუმანიტარული კატასტროფის გარეშე"- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.