18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
8 ივნისიდან შეზღუდვები სრულად იხსნება, თუმცა ობიექტებს რეკომენდაციების დაცვა მკაცრად მოუწევთ

ორშაბათიდან რესტორნებს დახურული სივრცეების გახსნის უფლება მიეცემათ. 8 ივნისიდან სექტორი სრულად ამუშავდება, თუმცა, სავალდებულო რეკომენდაციებთან ერთად, დახურულ სივრცეებში იკრძალება კონდიცირების სისტემის გამოყენება. სტუმრებს არც მუსიკალური ბენდების მოსმენა შეეძლებათ. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ რეგულაციების მოხსნასთან ერთად, აუცილებელია, დანაპირები საბანკო შეღავათებიც დროულად ამოქმედდეს.

ორშაბათიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სასტუმროებიც. პირბადე და ჰიგიენური ნორმების დაცვა ვიზიტორების მისაღებად აუცილებელი პირობა იქნება. ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, სასტუმროს მეპატრონეების დიდი ნაწილი გახსნისთვის აქტიურად ემზადება. ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე, შიდა ტურიზმი ბიზნესს გადარჩენის შანსს მისცემს.

ხვალიდან ფუნქციონირებას განაახლებს საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტიც. სამარშრუტო ტაქსები ვალდებული იქნებიან, მოქალაქეთა მომსახურების დროს დისტანციის ნორმები დაიცვან. მძღოლების თქმით, ეს მგზავრთა რაოდენობას შეამცირებს, რამაც, შესაძლოა, ტარიფები გაზარდოს.

თითქმის სამთვიანი იძულებითი პაუზა სრულდება სავალუტო ჯიხურებისთვისაც. ფულის გადამცვლელი ობიექტების თანამშრომლები სამსახურებს ხვალიდან დაუბრუნდებიან. პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი მომხმარებლისთვის აქაც აუცილებელი ატრიბუტი იქნება.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეგულაციების შემსუბუქება დაგვიანდა, თუმცა ბიზნესის შენარჩუნება ჯერ კვლავ შესაძლებელია.

მსოფლიო პანდემიის გამო დაპაუზებული ეკონომიკის გახსნა ექვს ეტაპად უნდა განხორციელებულიყო, თუმცა სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ეს ნაწილი ვადაზე ადრე სრულდება. ორშაბათიდან თითქმის ყველა სახის ეკონომიკური აქტივობა ფუნქციონირებას კვლავ სრული დატვირთვით განაახლებს.

დღის ამბები