18 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
მსოფლიო რასიზმის წინააღმდეგ - ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეულმა საპროტესტო ტალღამ ბევრი ქვეყანა მოიცვა

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეულმა საპროტესტო ტალღამ მთელი მსოფლიო მოიცვა, დემონსტრაციები გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში. ევროპის რამდენიმე ქვეყნაში მშვიდობიანი აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაშავებულია ათობით პოლიციელი და აქტივისტი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დემონსტრანტებს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების რისკის გამო, დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად მოწოდებისა, ლონდონში მიმდინარე საპროტესტო აქციას ქალაქის მერი თავადაც შეუერთდა.

რომში, პოპოლოს მოედანზე, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ათასობით აქტივისტი საზოგადოებრივი დისტანციის წესების სრული დაცვით, სამედიცინო პირბადითა და დამცავი ფარით აპროტესტებდა. ქალაქის ცენტრში შეკრებილი იტალიელთა მშვიდობიანი დემონსტრაციის მიზეზი, მხოლოდ შეერთებული შტატებში მომხდარი ტრაგედია არ ყოფილა, აქტივისტები ხელისუფლებას სუსტი ეკონომიკური პოლიტიკის გამო გადადგომისკენ მოუწოდებენ.

რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში მიმდინარე გამოსვლებსა ჰონგ-კონგიც შეუერთდა, აქტივისტების ძირითად ნაწილს ჰონგ-კონგში სასწავლებლად ჩასული სტუდენტები წარმოადგენდნენ, ადგილობრივი პოლიცია კი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესრულებას მკაცრად აკონტროლებდა.

მასობრივი პროტესტის მე -14 დღეს შეერთებულ შტატებში სიტუაციას სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები აკონტროლებენ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონს დღის ბოლომდე ეროვნული გვარდიაც დატოვებს, ნიუ იორკის მერმა კი ქალაქში კომენდანტის საათი მოხსნა.

დღის ამბები