18 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
22 მაისს უნდა ყოფილიყო კონკრეტული გეგმა, მაგრამ ის დღემდე არ გვიხილავს - ელენე მეჩითოვა კულტურის სფეროში შექმნილ კრიზისზე

კულტურის მენეჯერმა ელენე მეჩითოვამ "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში იმ კრიზისზე ისაუბრა, რომელიც კულტურის სფეროში კორონავირუსის პანდემიის დროს შეიქმნა. როგორც ელენე მეჩითოვამ აღნიშნა, ხელისუფლების დაპირების მიხედვით, კულტურის სფეროს ანტიკრიზისული გეგმა 22 მაისს უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა ამის შესახებ დღემდე არაფერი ისმის. 

"წარმოიდგინეთ, როდესაც გაუქმებულია თითქმის ყველა კონცერტი და პერფორმატიული ხელოვნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვკრებთ ხალხს, ვერ ვატარებთ კონცერტებს, მუსიკოსებმა, ხელოვანებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო. ასევე, ძალიან ბევრმა კლუბებმა, სადაც ეს მუსიკოსები გამოდიოდნენ და ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით. პროექტები გაუქმდა და ვერ მივიღეთ პასუხი, რა ბედი ელის ამ პროექტებს, გვაქვს თუ არა ადაპტირების საშუალება, ან მათი ტრანსფორმირების საშუალება, რადგან შეიძლებოდა გარკვეული პროექტების ონლაინსივრცეში გადატანა. ან თუნდაც ისეთი პროექტების შექმნა, რომლებიც ამ კრიზისთან ბრძოლაში დაგვეხმარებოდა.

საინიციატივო ჯგუფს ჰქონდა შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან. 22 მაისს უნდა ყოფილიყო კონკრეტული გეგმა, მაგრამ დღემდე ეს გეგმა არ გვიხილავს და პასუხი არ არის როდის იქნება. თუმცა, მერიის კულტურის სამსახური გამოგვეხმაურა, გვქონდა შეხვედრა, მოისმინეს ყველა ჩვენი კომენტარი და კრიტიკა. ველოდებით, რომ გვექნება გარკვეული ძვრები მომავალში," - განაცხადა ელენე მაჩითოვამ.

ასევე, მან აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმა ამ ეტაპზე უკვე დაგვიანებულია და სახელმწიფომ პოსტკრიზისული გეგმა უნდა შეიმუშაოს. 

"ჩვენ უკვე დავაგვიანეთ რეაგირება, გავიდა საკმაოდ ბევრი თვე და არა ანტიკრიზისულ, არამედ პოსტკრიზისულ გეგმაზე უნდა გადავდიოდეთ. ჩვენ დავკარგეთ ბევრი თვე, გავაჩერეთ სრულად სფერო მაშინ, როდესაც კულტურას და ხელოვნებას შეეძლო შეექმნა სამუშაო ადგილები, როცა ამის სურვილი და საშუალება იყო. მაშინ, როდესაც მუსიკოსებს, კომპოზიტორებს და ბევრ არტისტს შეეძლოთ რეზიდენციებში მონაწილეობის მიღება. ეს არის პატარა გრანტები, როდესაც  მათ შეუძლიათ შემოქმედებით ნაწილში ჩადონ თავიანთი დრო და აღარ იქნებოდნენ სახელმწიფო ფულად დახმარებაზე დამოკიდებულნი. ძალიან ბევრი ხელოვანი ფიზიკურად ვერ აიღებს იმ ერთჯერად დახმარებას სახელმწიფოსგან,"-განაცხადა ელენე მეჩითოვამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის დროს კულტურის სფეროში შექმნილი კრიზისის გამო კულტურის სექტორში მოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს მთავრობას, კულტურის სამინისტროს და მერიას პეტიცია გაუგზავნა, რომელშიც ხელოვნების სფეროს მოღვაწეები, საზოგადოების წარმომადგენლები ითხოვდნენ პასუხებს კითხვებზე, რატომ არ აქვს კულტურის სამინისტროს გეგმა, რას დაუპირისპირებს კრიზისს და კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ შემოქმედებითი ცხოვრება არ მოკვდეს. 

დღის ამბები