15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე დაიკითხა.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბექა სირაძემ სასამართლოს პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პროკურორი ლევან ქუთათელაძე აცხადებს, რომ ლუკა სირაძის ძმამ სასამართლოს ლუკას დაკითხვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა, საუბარია გარდაცვლილ არასრულწლოვან ლუკა სირაძის ძმაზე, ბექა სირაძეზე. მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მან ინფორმაცია მიიღო უშუალოდ პოლიციის შენობაში მყოფი პირებისგან, მათ ბექა სირაძეს განუცხადეს, რომ ლუკა სირაძის მიმართ ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის მიერ განხორციელებულ იქნა ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩვენების იძულებით მიცემის მიზნით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბექა სირაძეს პოლიციის განყოფილებიდან განხორციელებული ჰქონდა ლუკა სირაძესთან სატელეფონო ზარი, თუმცა, დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ამ ეტაპზე სხვა პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა ქუთათელაძემ.
მარიანა ჩოლოიანის უფლებადამცველი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა საქმეში არ ჩანს.
"ათეულობით მოწმეა დაკითხული, თუმცა ისინი მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობაზე ვერ საუბაორბენ, რადგან მისი ბრალეულობა არ არსებობს. უახლოეს პერიოდში ბრალდება დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას,"- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ გადაწყვიტა.