18 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს - ბექა ნაცვლიშვილი

პირბადეების ტარების ვალდებულებაზე საკომიტეტო მოსმენა დაჩქარებული წესით გაიმართა. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, ხოლო ის პირი, ვინც კანონს არ დაემორჩილება 20 ლარით დაჯარიმდება.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ჯარიმების შემცირება გონივრული გადაწყვეტილებაა.

"სწორია, რომ გაითვალისწინეს ჩვენი შენიშვნა და შეამცირეს ჯარიმები. სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე, უნდა შემუშავდეს ისეთი სტანდარტები, რომელიც გაამარტივებს დისტანციის დაცვას და სხვა დეტალებს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ წინა პერიოდში დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის თანხები უნდა ჩამოეწეროთ, რადგან თანხა რაოდენობრივად ქართულ რეალობას არ შეესაბამება.

"ეს უნდა იყოს გონივრული და პროპორციული, არ უნდა ხდებოდეს დამჯარიმებლებისგან სელექცია. ჯარიმები, რაც აქამდე იყო, იყო საარსებო მინიმუმთან მიმართებაში თხუთმეტმაგი. ამიტომ წინა ჯარიმების ჩამოწერა უნდა მოხდეს,"- განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი კი აღნიშნავს, რომ პირბადეები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

"მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ის რაც დღეს გვაქვს ბაზარზე და ერთჯერადი გამოყენებისაა, საკმაოდ ძვირია,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები