18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
სოფელ გომანში მეცხრამეტე საუკუნის კულტურული ძეგლი არაკვალიფიციურად ჩატარებული გათხრების გამო აღარ არსებობს

ვანდალიზმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. განახლების ეგიდით დაზიანებულია მეცხრე საუკუნის ნატაძრალი.

სისხლის სამართლებრივი მოკვლევა უკვე მიმდინარეობს. სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის კვალი აშკარაა, რის გამოც უკვე დაზიანებულია უძველესი სამარხები.

სოფელ გომანში მოქმედი სალოცავი აღარ არსებობს, ადგილზე ამბობენ, რომ მათი მიზანი არა ძეგლის დაზიანება არამედ პირიქით განახლება იყო.

ადგილობრივებმა აღდგენითი სამუშაოებისთვის ფულიც შეაგროვეს, რაც შეეხება ჩატარებულ სამუშაოებს - მოსახლეობას უთხრეს, რომ ჯერ მხოლოდ გეოლოგი მუშაობდა დასკვნაზე, რომელიც რეაბილიტაციის ნებართვისთვის იყო საჭირო.

უძველეს ნაკრძალთან მძიმე ტექნიკით შესრულებულმა სამუშაოებმა კი სამარხები და ეკლესიის შესასვლელი ზღურბლი დააზიანა.

როგორც სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელი ამბობს, მას ყველა საჭირო დოკუმენტი აქვს, რომ სამუშაოები დაიწყონ. არქიმანდრიტი ვანდალიზმს გამორიცხავს, თუმცა ადასტურებს, რომ გეოლოგი ნამდვილად დაიქირავეს, რამდენიმე ადგილიც ამოთხარეს და სამარხიც აღმოაჩინეს.

ადგილობრივების და სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლის პოზიციების მიუხედავად, სოფელ გომანში მეცხრე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე თვითნებურად დაწყებული სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ვანდალურ აქტად შეაფასა.

ახლა უკვე დასკვნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობის შესახებ სულ სხვა უწყებამ უნდა მოამზადოს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიძიოს, ვინ და რა სახის ზიანი მიაყენა სიძველეს.

დღის ამბები