ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი ცნობილია. პროცესი 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება. გამოცდები, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო წელს განსხვავებულად ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გათვალისწინებული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია.
"მერხებს შორის დაშორება სიგანეში იქნება 3 მეტრნახევარი. ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მერხებს შორის განლაგება იქნება ერთი მეტრზე მეტი.
რაც შეეხება მერხებს და აბიტურიენტების განლაგებას, სულ 10 მათგანი იქნება წარმოდგენილი თითო სექტორში, ასევე თითოეულ მერხს წინ დამონტაჟებული ექნება გამჭვირვალე ფარი,"- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ თუ აბიტურიენტს ტემპერატურა აღენიშნება და ვირუსზე ტესტი წინასწარ აქვს გაკეთებული, მაშინ სპეციალური პროტოკოლით მოხდება ხელმძღვანელობა.
"თუ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს გარკვეული სიმპტომები, მან პირველ რიგში ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს. ასეთი ადამიანი რეფერირებული იქნება PCR ტესტებზე. აუცილებელ პირობა იქნება თერმოსკრინინგი, თუ აბიტურიენტს აღენიშნება ტემპერატურა და ვირუსზე ტესტი წინასწარ აქვს გაკეთებული, მაშინ ვხელმძღვანელობთ სპეციალური პროტოკოლით," - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.