მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში წმინდა სინოდის 8 წევრი იმყოფება. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ სანამ საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენდნენ, კონსულტაციები შედგა მეუფე გიორგის რეზიდენციაში, სადაც სავარაუდოდ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხი განიხილეს. წმინდა სინოდის წევრებმა მეუფე გიორგის პოზიცია მოისმინეს.
როგორც სასულიერო პირები ამბობენ, მეუფის პოზიციას აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების შესახებ იზიარებენ.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი (აქიაშვილი) აცხადებს, რომ ქართველებისა და აზერბაიჯანელების ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის, მეუფე გიორგი კი პატრიოტი ადამიანია.
"რა შუაშია ნარიმან ნარიმანოვი ქართველებსა და აზერბაიჯანელების ურთიერთობაში. მანდედან კი არ ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა, საუკუნეებს ითვლის. ძეგლი არანაირ პრობლემას არ ქმნის, ჩვენ უნდა გვქონდეს ძმური ურთიერთობა, როგორც გვქონდა საუკუნეების განმავლობაში, კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ერთმანეთთან. წარმოუდგენელია, ეგეთი რამ არ უნდა ვთქვათ, მეუფე არის მოსიყვარულე, გამგები, პატრიოტი ადამიანი, როგორ შეიძლება მან გააღვივოს ურთიერთობა ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის,“ - ამბობს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი.
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე) ამბობს, რომ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფო ინტერესებს.
"დიდი ხანია არ ჩამოვსულვართ მეუფესთან და ჩამოვედით, რათა ერთობით ლოცვები აღვავლინოთ. ნარიმან ნარიმანოვის საკითხზე ჩამოვედი. ჩემს სამშობლოს რაც გამოადგება, ყველაფრისთვის მზად ვიქნებით. მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩემს სამშობლოს და სახელმწიფო ინტერესებს," - განაცხადა მეუფე მიქაელმა.
გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (გვაზავა) ამბობს, რომ მეუფე გიორგის განცხადებებს მხარდაჭერას უცხადებს.
"მისი პოზიცია გარკვეულწილად გამოხატავს ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საბჭოური პერიოდის სიმბოლიკა იყოს აღებული... მეუფეს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მანამდეც და ახლაც, რა თქმა უნდა," - ამბობს მეუფე ანდრია.
ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი (კაპანაძე) მიიჩნევს, რომ ბოლშევიკების ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე აღარ უნდა იყოს.