სპორტდარბაზების მეპატრონეები და მწვრთნელები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.
მათი ნაწილი დღეს კანცელარიასთან შეიკრიბა და ხელისუფლებისგან საკითხთან დაკავშირებით დროული გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. სპორტსმენები აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური რისკები სპორტულ სივრცეებში მინიმუმამდეა დაყვანილი. შესაბამისად, მათთვის გაურკვეველია, რატომ ზღუდავს მთავრობა დარბაზების ფუნქციონირებას.
"მოვითხოვთ რაც შეიძლება სწრაფად გახსნან დარბაზები, რა დავაშავეთ ჩვენ სპორტსმენმა ხალხმა. ჩვენი ცხოვრება ვარჯიშია. მითუმეტეს, ვინც ტრენერები ვართ და სწორედ აქედან გვაქვს შემოსავალი ძალინ ვზარალდებით," - აცხადებს ფიტნეს ინსტრუქტორი გიორგი ჭიკაძე.
სპორტსმენები ასევე ამბობენ, რომ რეგულაციები მაქსიმალურად რეალური უნდა იყოს და მაგალითად, პირბადეებით ვარჯიში სავალდებულო არ უნდა იყოს.
კანცელარიასთან შეკრებილებს შორის იყო "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე.
"არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება სპორტ-დარბაზებში, რაც სხვაგან არ არის. მინდა ვარჯიში, წლებია ვვარჯიშობ და რატომ, დამიკეტეს ფიტნეს კლუბი ვერ ვხვდები, მიზეზი რეალურად არავის აუხსნია, სიგიჟეა ადამიანს ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სიარული აუკრძალო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი რესპირატორულ ინფექციაზეა საუბარი," - აცხადებს "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე.