პარლამენტში კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტიდან დაიწყო. კომიტეტის წევრებმა ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას მხარი დაუჭირეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს კიდევ ერთხელ გააცნო ის პარამეტრები, რომელიც ასახულია ბიუჯეტის პროექტში და თანხები, რომელიც მოხმარდება ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს. როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, 2020 წელს თავდაცვის უწყებას ხარჯები 75 მილიონი ლარით შეუმცირდება.
"თავდაცვის სამინისტროში არის ორი მიმართულება: ერთი არის სამშენებლო მიმართულებები, მეორე საფრანგეთის დაფინანსებული პროექტი, რომელიც, რეალურად, არის დროში გადავადება გარკვეული პროექტების, მათ შორის იმიტომ, რომ საფრანგეთის მხრიდან მომწოდებელი წელს ვერ შეასრულებს იმ მოცულობის სამუშაოებს, რაც იყო დაგეგმილი. რაც შეეხება ადგილობრივ პროექტებს, ეს არის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს, თუმცა ამ ორთვიანმა პერიოდმა მოგვცა საშუალება, რომ ერთის მხრივ, თანხები გამოგვეთავისუფლებინა და, მეორე მხრივ, ეს პროექტები გრძელდება, უბრალოდ დროში გადავადდება,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
"თავდაცვის სამინისტროს ხარჯი უმცირდება 75 მილიონი ლარით, მაგრამ, აქედან 30 მილიონი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში საფრანგეთს პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, ამ პროდუქციის მოწოდება გადაიდო დროში. რაც შეეხება 35 მილიონ კაპიტალურ ხარჯებს, ეს პროექტები, თავისთავად ცხადია, პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავაც განხორციელდება და გაგრძელდება, თუმცა შესაბამისი თანხების გადახდა დროში გადაიწევს,"-განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება. COVID -19-ის გამო მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებებია. მსოფლიო პანდემიის გამო 14 ნახევარი მილიარდის ნაცვლად, წელს თითქმის 16 მილიარდი დაიხარჯება. პანდემიამ ეკონომიკის ზრდის ტემპიც შეაჩერა - პროექტის მიხედვით, 2020 წელი მინუს 4%-იანი ეკონომიკის ზრდით დასრულდება. 6%-ზე მეტით პროგნოზირებენ ექსპორტის შემცირებას; 6%-ით გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი. შემცირებულია შემოსავლებიც - მილიარდ 800 მილიონით და ხარჯები 600 მილიონით.