რამდენიმე დღეში ხულოში ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 14 581 000 ლარი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია "მამისონი" მიიღებს.
შპს "მამისონთან " ერთად ტენდერში კიდევ 3 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა არჩევანი "მამისონზე" გაკეთდა მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საქმიანობით 2019 წლის დეკემბრიდან პროკურატურაა დაინტერესებული. საქმე ეხება ბათუმის ახალი სასაფლაოს აშენებისთვის გამოყოფილ 3.5 მილიონის ღირებულების სატენდერო ვალდებულებას.
კომპანია "მამისონში" დღეს "კურიერთან" დაადასტურეს, რომ პროკურატურამ მათგან გარკვეული დოკუმენტაცია უკვე ამოიღო. "მამისონის" გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ სასაფლაოს მშენებლობის შესრულებული სამუშაოები ბათუმის მერიამ 2018 წელს ჩაიბარა. ირაკლი ჭკადუა საკუთარი კომპანიის ბრალეულობას საქმეში ვერ ხედავს და მისი განცხადებით, "მამისონმა" მას შემდეგ ბათუმი-ახალციხის გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა არაერთი ტენდერი მოიგო.
"მამისონის" შესრულებული სამუშაოები რომ ჩაიბარეს, ამას ბათუმის მერიის ააიპ "ბათუმის სასაფლაოების" დირექტორიც ადასტურებს. თუმცა რატომ არ დააფიქსირა დამკვეთმა შესრულებული სამუშაოს ხარვეზები ობიექტის მშენებლობის დასრულებისთანავე, ამაზე პასუხი ავთანდილ ბურკაძეს არ აქვს.
კომპანია "მამისონთან" მრავალმილიონიანი ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გააფორმა. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ სატენდერო კომისიას მოცემულ მომენტში პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე ინფორმაცია ვერ ექნებოდა. ალექსანდრე თევდორაძის თქმით, "მამისონმა" დეპარტამენტს საუკეთესო პირობები შესთავაზა. შესაბამისად, გადაწყვეტილებაზე გამოძიების მიმდინარეობა ვერ იმოქმედებდა.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობა 2020 წლის ივნისის ბოლოდან დაიწყება. კომპანია "მამისონს" სამუშაოების შესასრულებლად 18 თვე აქვს.